შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული 6 არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული ექვსივე არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასჯელის ზომა მომდევნო პროცესზე გამოცხადდება.

  • 3 პირს – ნ.ც, ლ.შ, გ.მ.-ს – ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა;
  • 1 პირს – ნ.ქ.-ს – ბრალად ედებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;
  • 2 პირს – ზ.ხ. და ა.ქ-ს - ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

"სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში ყველა ბრალდებული გაამტყუნა. რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი. ეს არ გამომდინარეობდა მტკიცებულებებიდან. დღეს აღსრულდა ის სცენარი, რაც დაიწერა ბრალის წარდგენის დროს. დღევანდელ დღეს სასამართლომ განზრახ მოუსპო მომავალი 6 ახალგაზრდას, როდესაც არ არსებობს მტკიცებულებები ამ საქმეში არცერთი ბრალდებულის მიმართ არცერთ ეპიზოდში. მოსამართლე მოექცა მცდარი საზოგადოებრივი აზრის მარწუხებში." - ამბობს ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი. 

ადვოკატების თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.  

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალად ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ძალადობა ედება. სასამართლო საქმის ამ ნაწილში ცალკე განიხილავს 11 სრულწლოვანი პირის საქმეს. გარდა ამისა, ტოიოტა ქამრის ხუთ მგზავრს - ვახო ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, არასრულწლოვან ზ.ხ.-სა და ა.ქ. -ს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასაც ედავება. პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

კომენტარები