არჩევნები 2020

მარიკაშვილი: მჟავანაძეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

მთავარი/კადრი ვიდეოდან

ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, გუშინ აქციაზე დაკავებული აქტივისტის, გიორგი მჟავანაძისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. მარიკაშვილის ინფორმაციით, მჟავანაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელებმა მიაყენეს.

"მჟავანაძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ჩემი მიმართვის საფუძველზე, ინსპექტორმა გამოძიება გუშინვე დაიწყო. დღეს დილით გამოკითხეს ბატონი გიორგი. 

ეს იყო ძალიან, მსუბუქად რომ შევაფასოთ, ცუდი ფაქტი და, რა თქმა უნდა, დანაშაული. ადგილი ჰქონდა გიორგის მიმართ ძალადობას შსს-ს ეზოში პოლიციელების მხრიდან და მას ესწრებოდა არაერთი პოლიციის თანამშრომელი. ძალადობა მოხდა საპატრულო პოლიციის მანქანაში, ამისთვის სპეციალურად ჩასვეს მინივენში, გადაიყვანეს მოფარებულ ადგილას და იქ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მას გაუხსენეს ის აქტივობა, რომელსაც ახორციელებდა წინა წელს აქციების დროს. მათ შორის, პოლიციასთან სიტყვიერი კამათი. ეს ჰგავდა შურისძიებას. შსს ვალდებულია, რომ ყველა ვიდეოჩანაწერი გადასცეს გამოძიებას. თუ ამას არ გააკეთებენ, კიდევ უფრო გამყარდება ეჭვი". - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი. 

გიორგი მჟავანაძე გუშინ, 9 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე შეშის შეტანისას დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულები არიან სირცხვილიას აქტივისტები - ლექსო მაჭავარიანი და ნოდარ რუხაძე. პოლიციამ მათ აქციაზე შესატანი შეშა წაართვა - მათი მტკიცებით, შეშა "შეიძლება, გამოყენებულ იქნეს, როგორც ძალადობის საგანი."

კომენტარები