კორონავირუსი საქართველოში

გადაუდებელი აუცილებლობის დროს გადაადგილებისთვის მოქალაქეები დროებით საშვს აიღებენ

შსს

დღეიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.

საკოორდინატო საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეები დროებითი საშვის აღებას შეძლებენ. 

"გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი დროებითი საშვის მიღება 144 – 1-ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს, საღამოს 18:00 საათიდან. დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ შევასრულებთ წესებს - ვატარებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, მათ შორის, პოლიტიკური პროცესის დროს". – აცხადებს ხოჯევანიშვილი. 

დღეიდან, 9 ნოემბრიდან, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები