არჩევნები 2020

დეკანოიძე ოცნებას: ნუთუ არ გაგაჩნიათ მორალი, რომ ახლა ადამიანის სიცოცხლით არ ივაჭროთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე, ქართული ოცნების წევრის გიორგი ხელაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებას ენმ-ს აბრალებს და გამოძიებას ითხოვს. ხელაშვილის მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ საოლქო კომისიის თავმჯდომარეებს და მათ შორის გობეჯიშვილს, რეპრესიებით ემუქრებოდნენ.

დეკანოიძის თქმით, მთავრობის მხრიდან, წარმოუდგენელი უტიფრობაა, ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება. მისივე თქმით, მთავრობა ბედავს და უამრავ ადამიანზე ზეწოლისა და გაყალბებული არჩევნების შემდეგ, კვლავ ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობს.

"ამ თემაზე არ ვაპირებდით საუბარს, ვინაიდან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ დღეს ქართული ოცნების კიდევ ერთმა ამორალურმა ფსკერმა პოლიტიკური მანიპულაციები მოახდინა ადამიანის სიცოცხლით და გადაგვაწყვეტინა, გამოვეხმაუროთ ქართული ოცნების, კობახიძის ადიუტანტების, 1500-ლარიანი ექსპერტების და ყველა იმ ამორალური ადამიანის განცხადებებს, ვინც ახლა ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობს.

მინდა, ძალიან დიდი მწუხარება გამოხატო ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო, ვიზიარებ წუხილს, თანავუგრძნობ ოჯახს, მაგრამ ის, რაც იკადრეს და კადრულობენ ქართული ოცნების, კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის მონები და მსახურები, სცდება ყოველგვარ ზღვარს და არის ფსკერზე უფრო ქვემოთ.

[...] რა გჭირთ, ხალხო, ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული მორალი, ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული ადამიანობა, რომ დღეს ამ სიტუაციაში ადამიანის სიცოცხლით არ ივაჭროთ და პოლიტიკურ მანიპულაციებზე არ ისაუბროთ.

დღეს ბედავთ და რაფალიანცის შემთხვევის შემდეგ იგივე ამორალურობაზე და იგივე ფსკერზე საუბრობთ". – ამბობს დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, თუკი სამართლიანი გამოძიება ჩატარდება, ცნობილი გახდება მხოლოდ ის, რომ მოსახლეობის ხმების უმეტესი არის წართმეული, ასევე ის, რომ ცესკოს მხრიდან ნამდვილად ხორციელდებოდა ძალადობა, ყველა ადამიანზე, ვინც პროცესში მონაწილეობდა.

ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ხელაშვილმა დღეს, 7 ნოემბერს ბრიფინგი გამართა, სადაც ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ საოლქო კომისიის თავმჯდომარეებს და მათ შორის გობეჯიშვილს, რეპრესიებით ემუქრებოდნენ. ხელაშვილმა სამართალდამცველებს მოუწოდა, აღძრან საქმე ამ მიმართულებით.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი, დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები