არჩევნები 2020

სამადაშვილი: ენმ-ის ხელისუფლება დაისის გზას ფარული ჩანაწერების ფრიალის დაწყებისას დაადგა

ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სამთავრობო ტელეკომპანია იმედის მიერ, სავარაუდოდ, ოპოზიციური ლიდერების ჩანაწერებს გავრცელებას. სამადაშვილი წერს, რომ გავრცელებული აუდიომასალა ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟია და ენმ-ს ხელისუფლება დაისის გზას სწორედ ფარული ჩანაწერების ფრიალის დაწყებისას დაადგა.

"ბევრი ადამიანი მწერს, ამიტომ აქ ვუპასუხებ: დღეს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის განხილვაში არ შევალ – ეს არის სხვადასხვა დროს, ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟი. ანუ, რომ გესმოდეთ, შესაძლოა, თქვენს საუბარს იწერდნენ, როდესაც ყავას სვამთ მეგობართან ერთად რომელიმე კაფეში ან რესტორანში.

არაა გამორიცხული გისმენდნენ საკუთარ სამზარეულოშიც. ქართული ოცნება ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს... ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა ნაც. მოძრაობის ხელისუფლება დაისის გზას. ახლაც ასეა, წრეზე არა, მაგრამ სპირალზე ტრიალებს ისტორია. ქოცების ადგილზე ამაზე უფრო ვიდარდებდი, ვიდრე ამ ჩანაწერის შინაარსზე. კოვიდის კარგი წამალი, ისე, კარგი ძილია – მადლობა ტელეიმედს, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა დღეს ოცნების აგონიაში". – წერს სალომე სამადაშვილი.

სამთავრობო ტელეკომპანია იმედი, სავარაუდოდ, ოპოზიციური ლიდერების ჩანაწერებს ავრცელებს. ტელეკომპანია უკრაინული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ აუდიომასალას ეყრდნობა და მასში, იმედის ცნობით, სალომე სამადაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჩანაწერებია მოცემული.

ჩანაწერები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას შემდეგ დაწყებული ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტის ფონზე გამოქვეყნდა. ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე სამთავრობო მედიის მიერ გამოქვეყნებულ აუდიომასალას ერთხელ უკვე გამოეხმაურება. სამადაშვილი წერს, რომ "დიდი ძმა გვისმენს" და მასზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება, ამის შესახებ კი ინფორმაცია ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრიუსელსა და ვაშინგტონს მიეწოდება.

კომენტარები