ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე COVID 19-ით გარდაცვლილ 27 წლის გოგოზე: მკურნალობდა ბინაზე, ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 27 წლის გოგო ბინაზე მკურნალობდა, რამაც, როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია. ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"რაც შეეხება 27 წლის გოგოს შემთხვევაზე, ეს რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ, რამდენადაც ჩვენ შემთხვევა შევისწავლეთ, ახალგაზრდა გოგო ბინაზე გადიოდა მკურნალობას, რამაც გამოიწვია დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან იქ დიაგნოსტირებაც იყო გვიანი, მას ტესტირებისთვისაც კი არ მიუმართავს დროულად. მე ყოველთვის ვერიდები ამ ფაქტების დეტალიზაციას, ვინაიდან არ მინდა, რომ ეს ბრალეულობა გადავიდეს პაციენტების მხარეს. მე მინდა, რომ ჯანდაცვის სექტორი იყოს მაპსუხისმგებელი ყველა ქმედებაზე და შედეგებზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში დამნაშავე შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორი". – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ქუთაისში 1-ელ ნოემბერს კორონავირუსით 27 წლის გოგო გარდაიცვალა. მისი ოჯახის ცნობით, პაციენტი საავადმყოფოში ვერ გადაჰყავდათ, რადგან კლინიკებში ადგილი არ იყო, ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით კი სასწრაფო დახმარება პაციენტის ოჯახმა გარდაცვალების წინა დღეს გამოიძახა. მათი განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ დაუდასტურდა ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები