არჩევნები 2020

ადვოკატი: 7 დაკავებული გადაჰყავთ იზოლატორში, 2 გაათავისუფლეს, რადგან საარჩევნო სიაში არიან

ტაბულა

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ამ დროისთვის, ისნის საარჩევნო ოლქთან გამართული აქციიდან სულ 7 ადამიანია დაკავებული. მისივე თქმით, ორი პირი გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ ისინი საარჩევნო სიაში არიან წარმოდგენილები.

"7 დაკავებული გადაყავთ იზოლატორში, ამ ყველაფერს არავითარი შეხება სამართლებრივ პროცედურებთან აღარ აქვს, ეს არის დიქტატორული რეჟიმის გადაწყვეტილება. არავითარი უკანონო ქმედება და მათი დაკავების საფუძველი არ არსებობდა. ბიძინა ივანიშვილს ამ ფორმით სურს, საპროტესტო ტალღა ჩაახშოს, მაგრამ ვერ ეღირსება. 

ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ გათავისუფლებული პირები არიან საარჩევნო სიაში და პოლიციას დაეზარა დამატებითი პროცედურების გავლა". – ამბობს ბასილაია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო საბურთალოს ოლქთან 3 ადამიანის, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან კი 6 პირის დაკავებას ადასტურებს, თუმცა კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი ჩასვა მანქანაში. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ჯერჯერობით, არ აქვთ ინფორმაცია, კიდევ რამდენი ადამიანი დააკავეს ისნის საოლქო კომისიასთან. 

საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, ოპოზიციის წევრები და აქტივისტები აქციას მართავენ. აქცია იმართება საბურთალოზე, გლდანში, ისანში, სამგორში, წყალტუბოსა და ბათუმში. ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ საჩივრების განხილვას დაესწრონ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

კომენტარები