ბელარუსი

ბელარუსში ატომური ელექტროსადგურის ამოქმედებას ბალტიის ქვეყნების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

TASS

ბელარუსში ატომური ელექტროსადგური ამოქმედდა. პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს აზრით, ელექტროსადგური იმპორტირებულ ენერგიაზე ქვეყნის დამოკიდებულებას შეამცირებს. ბელარუსის ენერგეტიკის მინისტრის თანახმად, ატომური ელექტროსადგურის პირველი რეაქტორის გენერატორი ქვეყნის საერთო ელექტრო სისტემაში უკვე ჩაერთო. გეგმის თანახმად, ატომური სადგურის ორი რეაქტორი მომავალში ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 1/3-ს დააკმაყოფილებს.

ატომური ელექტროსადგური ლიტვის საზღვრიდან 20 კილომეტრშია განლაგებული. ბალტიის ქვეყნებს ატომური სადგურის უსაფრთხოებაში ეჭვი ეპარებათ. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ელექტროსადგურის ამოქმედება გააკრიტიკა. ლინკევიჩიუსი აღნიშნავს, რომ ატომური სადგური უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზების მიუხედავად ამოქმედდა.

"დღეს, გაფრთხილებებისა და უსაფრთხოების გადაუწყვეტელი საკითხების მიუხედავად ბელარუსში ოსტროვეტსის ატომური ელექტროსადგური ამოქმედდა - პროექტი, თავისი ხასიათით გეოპოლიტიკურია. ევროკავშირი და სრულიად საერთაშორისო საზოგადოება ასეთ ცინიკურ უმეცრებას არ მოითმენს". - დაწერა ლინკევიჩიუსმა Twitter-ზე.

ლიტვამ ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა, ხოლო ლატვიამ ატომური ელექტროსადგურის მიერ გენერირებული ელექტროენერგიის იმპორტი დაბლოკა. ლიტვის ხელისუფლებამ ბელარუსის საზღვართან მცხოვრებ მოქალაქეებს რადიაციისგან თავდასაცავად იოდის ტაბლეტები უფასოდ შესთავაზა. 

ატომური სადგური რუსეთის სახელმწიფო ატომური სააგენტოს როსატომის აშენებულია. პროექტი 11 მილიარდი დოლარი დაჯდა და მისი ძირითადი ნაწილი რუსულმა სესხმა დააკმაყოფილა. როსატომის თანახმად, ატომური სადგური საერთაშორისო ნორმებსა და რეკომენდაციებს სრულიად აკმაყოფილებს.

პარალელურად, ბელარუსში ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება.

კომენტარები