არჩევნები 2020

პარლამენტთან აქცია იმართება – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა [LIVE]

ტაბულა

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას ორგანიზებულია, თუმცა, მას სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან, მაგალითად, ევროპული საქართველო, ლელო, ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა და ა.შ. 

პარლამენტთან აქცია გვიან ღამით მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ლიდერები გვიან ღამით ცესკოსთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ხმების დასაცავად აქციას გამართავენ. 

ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, წინასწარი შედეგებით, ქართულ ოცნებას 48.28% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშიას – 26.57%, ევროპული საქართველო – 3.79%, ლელო – 3.25%, პატრიოტთა ალიანსი – 3.18%, სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%, გირჩი – 3.03%, მოქალაქეები – 1.38%, ლებორისტული პარტია – 1%. ყველა სხვა პარტიას 1%-ზე ნაკლები აქვს. 

ამის პარალელურად გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია. 

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა, რაც გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. 

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია. 

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები