ავტოსაგზაო შემთხვევა გორში

სააკაშვილი: შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ, საქართველომ დაკარგა პატრიოტი ადამიანები

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ენმ-ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშილი გორთან მომხდარ ავტოავარიაში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ, საქართველომ დაკარგა პატრიოტი ადამიანები, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს! დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას". – წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

გუშინ, გვიან ღამით, გორთან სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიკროავტობუსით ენმ-ძალა ერთობაშიას აქციაზე მყოფი ადამიანები თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდნენ.

სამართალდამცველებმა ტრაილერის მძღოლი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები