დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ყოფილ ლიდერს ჯერემი კორბინს პარტიის წევრობა შეუჩერეს

ჯერემი კორბინი
skynews

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ყოფილ ლიდერს ჯერემი კორბინს პარტიის წევრობა შეუჩერეს და პარლამენტში ფრაქციიდან გარიცხეს.

პარტიის სპიკერმა რომ გადაწყვეტილების მიზეზი კორბინის მიერ გაკეთებული კომენტარებია, რომელთა უკან წაღებაზე მოგვიანებით უარი განაცხადა. კორბინის საკითხზე პარტია შიდა გამოძიებას ჩაატარებს.

ჯერემი კორბინმა ანგარიშზე, სადაც ანტისემიტიზმზე იყო ლაპარაკი, თქვა, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის პარტიას ხელმძღვანელობდა, შესული საჩივრები დრამატულად გაზვიადებული იყო. მოგვიანებით მან პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ თავს პრობლემის ნაწილად არ მიიჩნევდა. მას მიაჩნია, რომ საკითხის უკან ოპონენტების პოლიტიკური მოტივები იკვეთება. კორბინი ირწმუნება, რომ პრობლემის გადაჭრაში ხელს პარტიის სხვა ოფიციალური პირები და ბიუროკრატიული მექანიზმები უშლიდნენ.

"ერთი ანტისემიტიც კი ძალიან ბევრია, მაგრამ პრობლემის მასშტაბი დრამატულად არის გაზვიადებული პოლიტიკური მოტივებით როგორც პარტიის შიგნით, ასევე მის გარეთ ჩვენი ოპონენტების, ასევე მედიის დიდი ნაწილის მიერ.

ამ კომბინაციამ დააზარალა ებრაელი ხალხი და არასოდეს უნდა განმეორდეს. იმედი მაქვს, რომ ებრაულ თემთან ურთიერთობა აღდგება და შიშები დაიძლევა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიგნებებს არ ვიზიარებ, იმედი მაქვს, რომ რეკომენდაციებს სწრაფად გაიზიარებენ". - თქვა მან.

ანტისემიტიზმის საკითხზე გამოძიება თანასწორობის და ადამიანის უფლებათა კომისიამ ჩაატარა და დაადგინა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ კანონი დაარღვია ანტისემიტიზმის თაობაზე შესული საჩივრების განხილვისას იმ პერიოდში, როდესაც პარტიის ლიდერი სწორედ კორბინი იყო.

ანგარიშზე კომენტარი გააკეთა პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა კირ სტარმერმა:

"თუ მთელი ამ ტკივილის და მწუხარების, ანგარიშში მოცემული ყველა სამხილის შემდეგ, კიდევ არის ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ ანტისემიტიზმის პრობლემა არ არსებობს ლეიბორისტულ პარტიაში და ის გაზვიადებულია, პირდაპირ ვეტყვი, რომ ისიც პრობლემის ნაწილია და ლეიბორისტულ პარტიასთან ახლოს არ უნდა იყოს". - თქვა მან.

ჯერემი კორბინმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც გასული წლის დეკემბერში დიდი ბრიტანეთის ვადამდელ არჩევნებში პარტიამ 1935 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

კომენტარები