კორონავირუსი საქართველოში

482 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 105 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება

კორონავირუსის 18 692 აქტიური შემთხვევიდან 482 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 238 თბილისში მკურნალობს, 76 – აჭარაში. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ თქვა. 

მისივე ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 105 პაციენტი იმყოფება, 61 – თბილისში, 23 – აჭარაში. 

დღეს, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 23 და გამოჯანმრთელდა 1 262 ადამიანი. 

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 19 257 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2/3-ზე მეტი ბინაზე ან Covid-სასტუმროებში მკურნალობს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები