კორონავირუსი საქართველოში

მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კარიბჭე

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანე კალიჯიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა. 

როგორც დეკანოზი ტაბულასთან საუბარში ამბობს, მიტროპოლიტს ვირუსი უსიმპტომოდ აქვს. 

მიტროპოლიტი სტეფანე ერთერთი იყო იმ მღვდელმთავრებს შორის, რომელიც გაზაფხულზე ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ღვთისმსახურების შეწყვეტას ან თუნდაც ზიარების წესის ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა. მიტროპოლიტი ამბობდა, რომ "ზიარებასთან დაკავშირებით ახალი გარემოება არასოდეს იქნება". მისი შეფასებით, "ზღაპარია" სახლში დაჯდეს მრევლი და ტელევიზორში უყუროს სააღდგომო ლიტურგიას. 

მიტროპოლიტს წირვა არც მაშინ შეუწყვეტია, როდესაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში ეპიდემიური აფეთქების გამო კარანტინი გამოცხადდა. 

ტაბულასთვის მიცემულ კომენტარში მიტროპოლიტი მაშინ ამბობდა, რომ "ურწმუნო ხალხში შანსი ყველაფრის არსებობს და როცა მორწმუნე ადამიანი მოდის უფალთან საზიარებლად, იქ არაფერი მოხდება". 

კომენტარები