ახალი კორონავირუსი საქართველოში

მთავრობამ გარე სივრცეში პირბადის ტარებაზე "მკაცრი რეკომენდაცია" გასცა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ცნობით, მთავრობის "მკაცრი რეკომენდაციაა" საქართველოს სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეებში პირბადის აუცილებლად ტარება. ამის შესახებ მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ილაპარაკა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს საჭირო განსაკუთრებით იმ ადგილებში იქნება, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, "მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე". მისივე თქმით, გარე სივრცეებში პირბადის ტარებას შესაბამისი სამსახურები, შრომის ინსპექცია და შსს გააკონტროლებენ. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, ამ მოწოდებას რეკომენდაციის ხასიათი აქვს, თუმცა ეს "მკაცრი რეკომენდაციაა".

"ამიტომ, გთხოვთ და მოგიწოდებთ, დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში ატაროთ პირბადე. იქ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე. იმედი მაქვს, რომ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება იმისთვის, რომ ამ ცნობიერების ამაღლებაში და მითითებაში პოლიციამ წვლილი შეიტანოს". – თქვა მეზვრიშვილმა.

დღეს, 23 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ 5 და გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.

ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები