კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-ინფიცირებულთა უმრავლესობა – 7 164 პაციენტი ბინაზე მკურნალობს

DW

კორონავირუსით ინფიცირებული 12 007 პაციენტიდან 2/3-ზე მეტი ბინაზე და კოვიდსასტუმროებში მკურნალობს.განაცხადა ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე . მისი ინფორმაციით, საავადმყოფოებში 3 155 პაციენტი მკურნალობს, ბინაზე 7 164, ხოლო COVID-სასტუმროებში – 1 848.

"მძიმე პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12" - თქვა ბერდია სიჭინავამ.

დღეს, 22 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  595 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 6 ადამიანი. 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 12 007 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები