ბელარუსი

ტიხანოვსკაია სამართალდამცავებს: ბელარუსი ხალხის მხარე დაიჭირეთ

სვეტლანა ტიხანოვსკაია
AFP

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ბელარუს სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ ბელარუსი ხალხის მხარე დაიჭირონ. 

მისივე თქმით, ბრძანება, რომ მათ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა შეუძლიათ "არალეგალურია".

"ხალხის ულტიმატუმი არის თქვენი შანსი, რომ ბელარუსების მხარე დაიკავოთ. თუ თქვენ არ ეთანხმებით დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას, ნუ გააკეთებთ ამას. [ლუკაშენკოს] რეჟიმმა იცის, რომ კვდება და ცდილობს თავისი დასასრული ყველას გაგიზიაროთ, თქვენი ფორმის ტალახში ამოსვრით. ნუ მისცემთ მას ამის უფლებას". – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ

ტიხანოვსკაია ასევე აცხადებს, რომ ისინი, ვინც პირადად ჩაიდინეს დანაშაულები, პასუხს აგებენ და ლუსტრაცია ყველას არ შეეხება. 

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მათ ახსენებს, რომ ულტიმატუმის თარიღის ამოწურვამდე ხუთი დღე რჩება. 

ულტიმატუმი ტიხანოვსკაიამ 13 ოქტომბერს წამოაყენა. ულტიმატუმის თანახმად, თუ 25 ოქტომბრამდე ალექსანდრ ლუკაშენკო არ გადადგება, არ შეწყდება დემონსტრანტებზე ძალადობა და არ გაათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს, 26 ოქტომბრიდან ქვეყანაში მასობრივი გაფიცვა დაიწყება. ტიხანოვსკაიას თქმით, ეს სახალხო ულტიმატუმია.

გასულ კვირას პოლიციამ აქციების დასაშლელად საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მიიღო.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები