ბრექსითი

ბრიტანეთის ლორდთა პალატამ ბრექსითზე მთავრობის ახალ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

ლორდთა პალატა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატამ ბრექსითზე მთავრობის ახალ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

395 ხმით 169-ის წინააღმდეგ მათ ჩააგდეს შიდა ბაზრის კანონი, რომელიც, ოპონენტების აზრით, ძირს გამოუთხრის გაერთიანებული სამეფოს რეპუტაციას.

მანამდე, ამ კანონს თემთა პალატამ 340 ხმით 263 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. იმ შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ამ კანონპროექტმა უნდა უზრუნველყოს ინგლისს, შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ვაჭრობის უწყვეტად გაგრძელება და ამისათვის არეგულირებს საერთო პოლიტიკას. მთავრობა კანონპროექტს "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ლეგალური უსაფრთხოების ბადეს" უწოდებს.

შემდეგ ეტაპზე ლორდთა პალატის წევრებმა კანონპროექტში ცვლილებები უნდა შეიტანონ და განსახილველად კვლავ თემთა პალატას დაუბრუნონ.

კანონპროექტს აკრიტიკებენ ევროკავშირში, სადაც ბრექსითზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ორივე მხარე ერთმანეთს დათმობისაკენ მოუწოდებს. საქმე იმაშია, რომ ეს კანონი, მიღების შემთხვევაში, დაარღვევს ბრექსითზე ევროკავშირთან უკვე მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის საზღვარზე მყარი საზღვრის თავიდან ასარიდებლად ჩრდილოეთ ირლანდიაზე განსხვავებული, ევროკავშირთან მიახლოებული საბაჟო პირობები გავრცელდებოდა, რომელიც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ეს პირობა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებაშია ჩადებული, რომელიც საერთაშორისო კანონს წარმოადგენს და შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, საბოლოო დამტკიცებისა და შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, ძალაში შესვლის შემდეგ მას დაარღვევს.

კრიტიკოსების პასუხად დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ კანონპროექტის მიზანი მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს მთლიანობის დაცვა და განხეთქილების თავიდან აცილებაა.

კანონის მიღებამ, შესაძლოა, ბრექსითის მოლაპარაკებები კიდევ უფრო შეაფერხოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ საერთაშორისო კანონების დარღვევა მიუღებელია და სამომავლო ურთიერთობაში ნდობის დაკარგვას გამოიწვევს.

თავის მხრივ, ბორის ჯონსონი იმუქრება, რომ თუ სავაჭრო შეთანხმებას 15 ოქტომბრამდე ვერ მიაღწევენ, დიდი ბრიტანეთი მოლაპარაკებებიდან გავა და ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი მიმდინარე წლის 31 იანვარს დატოვა. ამის შემდეგ ამოქმედდა გარდამავალი პერიოდი, რომელიც 11 თვითაა განსაზღვრული და ამ პერიოდში ბრიტანეთის მთავრობამ ევროკავშირის წევრებთან სავაჭრო, უსაფრთხოების და სხვა საკითხებზე შეთანხმებებს უნდა მიაღწიოს და ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს.

იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ქვეყნებთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პირობებით ითანამშრომლებს.

კომენტარები