ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მობილიზებულია 5 000 საწოლი, საჭიროებისამებრ შეიძლება 7-8 ათასამდე გაიზარდოს

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, დღეს საქართველოში 5 000-მდე საწოლია მობილიზებული, რომელთა რაოდენობაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, 7-დან 8 ათასამდე გაიზარდოს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ფორმულას ეთერში ილაპარაკა.

"დილის მონაცემებით, 2 267 საწოლი იყო ქვეყანაში დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დილას 6 000-მდე ე.წ აქტიური ინფექცია გვქონდა ქვეყანაში, [ჰოსპიტალში, კოვიდ-სასტუმროში, ბინაზე] აქედან დაახლოებით 2 267 ინფიცირებული იყო ჰოსპიტალებში. დილისთვის თავისუფალი იყო 936 საწოლი და, როგორც მე ვიცი მინისტრისგან, საღამოსთვის 1 500 საწოლი კიდევ უნდა დამატებოდა. ანუ, ამ ეტაპზე მობილიზრებულია 5 000 თავისუფალი საწოლი, რომელთა რაოდენობაც შეიძლება გაიზარდოს დაახლოებით 7-დან 8 ათასმდე, თუ ამის საჭიროება იქნება". – აბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის განმარტებით, ქვეყანაში, კერძო და სახელმწიფო სექტორს ჯამურად 17 000 საწოლი აქვს. სრულად მათი გამოყენება ვერ ხერხდება, რადგან გამყრელიძის თქმით, 17 ათასიდან 5 000-მდე საწოლი ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსა და სამშობიაროებს ეკუთვნის.

"დაახლოებით გათვლა არის 12 000 საწოლზე, რომელიც რჩება. ასევე ამ 12 000-დან ყველას კოვიდზე ვერ გამოიყენებ, ცხოვრება არ ჩერდება, სამწუხაროდ, არის მწვავე შემთხვევები, მიუხედავად ქრონიკული და გეგმური ოპერაციები და დახმარება შეიძლება პანდემიის დროს გარკვეული პერიოდით შეაჩერო, რაც ითმენს, მაგრამ არის ავარია და სხვა "ურგენტული" შემთხვევები, რომლებსაც ვერ შეაჩერებ და უნდა იყოს საწოლები". – ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, დღეს, 15 ოქტომბერს, 5 პაციენტი გარდაიცვალა, 208 კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსი სულ 14 440 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ასევე, აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი [აღდგება 19 ოქტომბერს]. დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდება.

კომენტარები