წმიდა საყდარი

წმიდა საყდრის სადესპანო პაპი ფრანცისკეს მოწოდებისა და ლოცვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

წმიდა საყდრის დესპანი ჟოზე ა. ბეტანკური და პაპი ფრანცისკე

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასთან დაკავშირებით, პაპი ფრანცისკეს მოწოდებისა და ლოცვის შესახებ წმიდა საყდრის სადესპანო განცხადებას აქვეყნებს:

"პაპ ფრანცისკეს, სხვადასხვა დროს, არაერთი მიმართვა გაუკეთებია და მოუწოდებია ლოცვისკენ სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის მშვიდობის დასამყარებლად. პაპი ფრანცისკე და წმიდა საყდარი ძალისხმევას არ იშურებენ მშვიდობის მხარდასაჭერად. წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოსა და სომხეთში დაუყოვნებლივ აქვეყნებს ამგვარ მიმართვებს თავის ვებსაიტზე, ფეისბუქსა და ტვიტერზე (იხ. მიმართვები vaticange.org).


პაპის სამშვიდობო მიმართვები და ლოცვები მუდამ მოწონებას პოვებდა საერთაშორისო საზოგადოებაში, საქართველოსა და სომხეთის კათოლიკურ იერარქიაში, მთელ მსოფლიოში მოქმედ კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციებში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციაში, კეთილი ნების ყველა ადამიანში.


ა.წ. 11 ოქტომბერს, სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პაპმა ფრანცისკემ განაცხადა შემდეგი: „მოხარული ვარ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული მოსაზრებებით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რასაც, იმედია, არსებითი სამშვიდობო შეთანხმება მოჰყვება. მიუხედავად ზავის სიმყიფისა, მოვუწოდებ მხარეებს მისი განახლებისკენ და ვიზიარებ ადამიანური მსხვერპლით, ტანჯვა-ვაებითა და საცხოვრებელ თუ საკულტო ნაგებობათა ნგრევით გამოწვეულ გულისტკივილს. ვლოცულობ და მოგიწოდებთ ილოცოთ დაღუპულთა და საფრთხის წინაშე მყოფთათვის.

(იხ. მიმართვა https://bit.ly/35cCU0X და https://bit.ly/378GsDM)


სამწუხაროდ, მისი უწმიდესობის ნათელი, არაორაზროვანი და თანმიმდევრული სამშვიდობო გზავნილი დამახინჯებულად იქნა წარმოდგენილი და, ზოგ შემთხვევაში, გავრცელებულიც, რამაც დაბნეულობა გამოიწვია.

წმიდა საყდრის სადესპანო იმედოვნებს, რომ პაპი ფრანცისკეს გზავნილი, მისი ღრმა შეშფოთება და ლოცვისკენ მოწოდება შეუერთდება იმ უამრავი ადამიანის ძალისხმევას, რომლებიც იღვწიან მშვიდობის დასამყარებლად სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები