კორონავირუსი საქართველოში

როგორ შეძლებენ Covid-ინფიცირებულები და კარანტინში მყოფები ხმის მიცემას - ცესკოს შეთავაზება

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივაა, სტაციონარებსა და საკარანტინე ზონებში მყოფი Covid-ინფიცირებულებისთვის საარჩევნო უბნები გახსნან, ხოლო თვითიზოლაციაში მყოფებს - გადასატანი ყუთებით მოემსახურონ. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ მთავარი არხის ეთერში ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ინიციატივას პარტიებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს შესთავაზებენ.

"ეს არის ის კითხვა, რომელზე პასუხიც აქამდე არ იყო. პირველად მიწევს ამის თქმა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და მთავარი არგუმენტი იყო, ყველაფერი გააკეთოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა. რთულია ნამდვილად და ეს ჯანმრთელობის უსაფრთხოებასაც უკავშირდება, მაგრამ ჩვენი დღევანდელი შეთავაზება არის, რომ საკარანტინე სივრცეებში გავხსნათ უბნები, კოვიდინფიცირებულებისთვის გავხსნათ უბნები და ამავდროულად, მათ ვინც ბინებში გადიან სამედიცინო მომსახურებას და თვითიზოლაციაში არიან, მოვემსახუროთ გადასატანი ყუთებით - ეს არის ჩვენი შეთავაზება". – თქვა თამარ ჟვანიამ გადაცემაში შენი დილა.

ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს ინფიცირებულებს, საკარანტინე ზონებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს უკვე ექნებათ ზუსტი ინფორმაცია, როგორ უნდა მისცენ ხმა.

13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 6867 გამოჯანმრთელდა და 102 - გარდაიცვალა. ამ დროისთვის, 5 590 ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება, 836 - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო 1393 - Covid-სასტუმროში. გარდა ამისა, ათასზე მეტი მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტი ბინაზე მეთვალყურეობის სერვისით სარგებლობს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები