კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 207 აჭარაში დადასტურდა, თბილისში - 168

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ედელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 207 აჭარაში დადასტურდა. 

"თბილისში არ გაქვს მკვეთრი ზრდა და ძალიან კარგია, 168 პაციენტია დადასტურებული. იმერეთში 117 პაციენტი, შიდა ქართლში - 25, ქვემო ქართლში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, გურიაში - 8, კახეთსა და მცხეთა მთიანეთში 5-5 ახალი შემთხვევა და სამცხე-ჯავახეთში - 3." - ამბობს ენდელაძე.  

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 63 პაციენტი მკურნალობს. ექიმის თქმით, 4 ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაშია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა.  

ქვეყანაში კორონავირუსის 5 974 აქტიური შემთხვევაა. ენდელაძის ინფორმაციით, მათგან 50 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები