დავითგარეჯის საქმე

მელაშვილის ცოლი: რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებენ, სამართლიანობის იმედი მაინც მაქვს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

"რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებენ." - ასე ეხმაურება დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ცოლი, თამარ სულაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიებაზე. 

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძებად პატიმრობა შეეფარდათ. 

"გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ველოდი, აბა, რისთვის იყო ეს საქმე წამოწყებული? თეთრი რომ თეთრია და შავი შავი, ამას გიმტკიცებენ თეთრი შავია და შავი თეთრიო. 

სამართლიანობის იმედი მაინც მაქვს, მართალია, ეს მარიონეტები არაფერს იზამენ, მაგრამ მაინც მაქვს, რომ ვინმე გამოჩნდება და სამართლიანად შეაფასებს ამ ყველაფერს." - ამბობს თამარ სულაძე. 

მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები