2020 წელს გარდაცვლილები

ედი ვან ჰალენს როკმუსიკოსებმა პატივი მიაგეს

NME

6 ოქტომბერს 65 წლის ასაკში ყელის სიმსივნით გარდაიცვალა ლეგენდარული გიტარისტი ედი ვან ჰალენი. 

ვირტუოზ გიტარისტს როკსამყაროს ცნობილმა წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელებში პოსტებით პატივი მიაგეს. 

გიტარისტი ბენდ Van Halen-ის დამფუძნებელი წევრი იყო, რომელმაც 1984 წელს მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა ჰიტით Jump. ვან ჰალენს ეკუთვნის ცნობილი გიტარის რიფი მაიკლ ჯექსონის სიმღერიდან Beat It.

"გარდაიცვალა ლეგენდარული გიტარისტი და მუსიკალური ინოვატორი ედვარდ ვან ჰალენი. დღეს სამოთხეში ელექტროგიტარა გაიჟღერებს". – წერს ლენი კრავიცი.

"მან გიტარის ჟღერადობა შეცვალა. მოგვენატრები, ედი". – წერს Aerosmith-ის ფრონტმენი სტივენ ტაილერი. 

"დიდი, გრძელი გზა". – წერს Van Halen-ის ფრონტმენი დევიდ ლი როტი.

"ლამაზი და შემოქმედებითი გულის პატრონი იყო. მიყვარხარ, ედი ვან ჰალენ, ლოს-ანჯელესელო ბიჭო და ნამდვილო როკერო. იმედი მაქვს საღამოს ჯიმისთან(ჯიმი ჰენდრიქსი) ერთად უკრავ". – წერს ფლი, Red Hot Chili Peppers-ის ბასისტი.

"გულგატეხილი ვარ. ედი არა მხოლოდ გიტარის ღმერთი, არამედ ლამაზი სულის პატრონიც იყო. მშვიდობით განისვენე, ედი"... – წერს Kiss-ის ფრონტმენი ჯინ სიმონსი.

"მშვიდობით განისვენე. მოგვენატრები". – წერს როკმუსიკოსი ბილი აიდოლი.

"სამყარომ დაკარგა კერპი, ინოვატორი, შოუმენი, ვირტუოზი, ბრწყინვალე კომპოზიტორი და ალბათ გიტარისტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსპირატორი. ვიზიარებთ ოჯახის, მეგობრებისა და ფანების მწუხარებას". – წერია ბენდ Nickelback-ის ოფიციალურ გვერდზე.

 

 

  

კომენტარები