არჩევნები 2020

კალაძე: მერია მზადაა, ენმ-ს წევრებისგან საჩუქრად მიიღოს დიღმის ტყე-პარკში ტერიტორიები

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მერია მზადაა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან დიღმის ტყე-პარკში არსებული ტერიტორიები მიიღოს, რომელიც მერისვე მტკიცებით, ენმ-ს წევრების საკუთრებაშია. 

ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის ცენტრალ პარკის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან ისაუბრა. პარკის გაშენება იპოდრომის ტერიტორიაზე იგეგმება, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მერიას გადასცა. 

კახა კალაძის თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში ტერიტორია კერძო პირებზე იყო გასხვისებული, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა. ქართული ოცნების გენერალური მდივანი გამოსყიდვის მიზეზად იმას ასახელებს, რომ სავარაუდოდ, ტერიტორიაზე კორპუსებს ააშენებდნენ. 

"არანაირი ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის, არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის, მეტსაც გეტყვით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ, ეს ტერიტორიები მივიღოთ საჩუქრად. არანაირი შეზღუდვა არ არის, გადმოგვცენ ეს ტერიტორიები და მადლობლები ვიქნებით. ქალაქი მადლობას გადაუხდის და იმაზეც არ შევაწუხებთ, რომ შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის იქ ფული დახარჯონ. ამ ვალდებულებას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე". – თქვა კახა კალაძემ. მის ამ კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ იპოდრომის ტერიტორია თბილისის მერიას გადასცა, 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გავრცელდა. დღეს, 6 ოქტომბერს მერიამ ცენტრალ პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა. 

კახა კალაძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე იქნება იაპონური პარკი, ასევე, საგანმანათლებლო ტერიტორია, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, გუბურა. ასევე, მერის თქმით, ცენტრალურ პარკში იქნება ამფითეატრი, ბოტანიკური ბაღი, შადრევანი და პანორამული ხიდი, ფრანგული ბაღი, კვების ზონა და მდელო. 

ასევე, კალაძის თქმით, ცხოველებისთვის იქნება შესაბამისი სივრცე, "ადამიანებს ხელი რომ არ შეუშალონ." 

მერის ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში 26 ზონა იქნება, მათ შორის, სპორტის ზონა - საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, ასევე, სკეიტ პარკი, ზიპლაინი, სასაზღვრო სატყეო ზონა და ა.შ. მისივე თქმით, პროექტით 3 ავტოსადგომია გათვალისწინებული.  

კალაძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ბილიკი იქნება - მთავარი ბილიკი, ველოსიპედების ბილიკი, სასეირნო ბილიკი, ბაღების ბილიკი, იაპონური ბაღის ქვის ბილიკი, მთის ბილიკები და მთის ველო ბილიკი. 

ვრცლად, წაიკითხეთ აქ

კომენტარები