მაკრონი: ყარაბაღში დაჭრილი ფრანგი ჟურნალისტების დასაბრუნებლად თვითმფრინავს ვგზავნით

ემანუელ მაკრონი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთიანი ყარაბაღის კოფლიქტის გაშუქებისას დაჭრილი ფრანგი ჟურნალისტების დასაბრუნებლად უკვე მზად არის თვითმფრინავი.

დაჭრილია ფრანგული გამოცემის, Le Monde-ის ორი ჟურნალისტი. სომხეთის საგარეო სამინისტროს მიხედვით, ისინი აზერბაიჯანის მხრიდან საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად დაშავდნენ.

დაშავდა ორი სომეხი ჟურნალისტიც. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ AFP-ს ჟურნალისტებიც. ისინი მთანი ყარაბაღის რეგიონში, ქალაქ მარტუნში ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრებოდნენ მანამდე მომხდარი თავდასხმების შესახებ.

27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სომხეთში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დაწყებიდან დაიღუპა 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თქმით, მათ მხარეს დაღუპულია 14 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სამხედრო ძალებში მსხვერპლის რაოდენობაზე არაფერს ამბობენ, თუმცა სომხეთი ირწმუნება, რომ მოკლულია 130 აზერბაიჯანელი სამხედრო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში განიხილა. მათ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საფრანგეთი "სომხური ოკუპაციის" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, მაკრონმა თურქეთის მხრიდან "საომარი გზავნილები" გააკრიტიკა.

მან თურქეთი დაქირავებული სირიელი მებრძოლების კონფლიქტში ჩართვაშიც დაადანაშაულა. მსგავსი ბრალდება გააჟღერეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. მათ განაცხადეს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულები არიან უცხოელი მებრძოლები სირიიდან და ლიბიიდან, რაც შემაშფოთებელია.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში თურქეთი ნახსენები არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ დაინტერესებულმა ქვეყნებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ შესაბამისი ზომები მიღება, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტში "უცხოელი ტერორისტების და დაქირავებული მებრძოლების" ჩართვა. კონფლიქტის ზონაში დაქირავებული მებრძოლების გაგზავნაში სომხეთი აზერბაიჯანს და თურქეთს ადანაშაულებს. თურქეთი და აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფენ და სომხეთს კონფლიქტში ქურთი მებრძოლების ჩართვაში ადანაშაულებენ.

კომენტარები