საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის 58 წლის ა.ა.-ს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2019 წლის ზაფხულში მოხდა - 58 წლის პირმა ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში 5 წლის გოგოსთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. პროკურატურის ცნობით, წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, 13 მაისს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული გაამართლა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ა.ა. დამნაშავედ 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით ცნეს, რაც ძალადობით და დაზარალებულის უმწეობით სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
"საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს." - წერია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.