დავით გარეჯი

სააკაშვილი: დღეს ქართველებს არ უშვებენ დავით გარეჯში, ჩვენ დროს ამას ვერავინ გაბედავდა

საქართველოს ექსპრეზიდენტი, ენმ-ს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯზე საუბრისას ამბობს, რომ ეს მმართველი გუნდის დადგმული პროვოკაციაა. ამის შესახებ მან Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ილაპარაკა. 

"ის, რაც იკადრა მთავრობამ ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის დავით გარეჯის მიმართ, ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია, ამის შესახებ ჟურნალისტები საუბრობენ უკვე რამდენიმე კვირაა. მე შემიძლიათ გითხრათ, რა არის ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები, ისინი აპირებენ რომ ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ მან რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისების, შემდეგ ისინი აპირებენ გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები და ათქმევინონ, რომ ფული გადაიხადეს 70 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის და მერე ამაზე ააგებენ მთელ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა". – ამბობს სააკაშვილი. 

მისივე განმარტებით, სიმართლე სრულიად საპირისპიროა და მისი მმართველობის პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ყველა შეხვედრაზე აყენებდა დავით გარეჯის ბოლომდე დაკანონების საკითხს. მისივე თქმით, ენმ-ს დროს ვერავინ გაბედავდა, ქართველი მომლოცველი არ შეეშვათ ტაძრის ტერიტორიაზე. 

"ჩემი მმართველობის დროს, ყველა შეხვედრაზე ვაყენებდით საკითხს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენიტეტული ტერიტორია. უფრო მეტიც, ჩვენ სერიოზული პროგრესი გვქონდა აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით და მთავარი ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ჩვენ დროს ვერავინ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა, ივანიშვილის დროს ქართველ მომლოცველებს ჩაუკეტეს საშუალება შეხების საკუთარ სიწმინდეებთან და ისტორიასთან.

ამავე დროს, ჩვენი ურთიერთობები ყველა ჩვენს მეზობელთან ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმზე. ის, რომ ეს პროვოკაცია ხდება იმ დაძაბულობის და ომის ფონზე, რაც ახლა მიმდინარეობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სადაც აქტიურად მონაწილეობს მოსკოვიც, ესეც ხომ არ არის შემთხვევითი. ამიტომ, სანამ შემდგომ უბედურებებს გადაგვკიდეს, კიდევ გავძლოთ შემდეგი ოთხი კვირა, ცოტა მეტი და ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობიანად ჩავწიოთ ესენი და სწრაფად დავალაგოთ ურთიერთობები გამომდინარე ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან". – ამბობს სააკაშვილი. 

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, შეთანხმდა თუ არა აზერბაიჯანთან საზღვარი საქართველოს საზიანოდ. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

მათივე ცნობით, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

კომენტარები