ბელარუსი

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციებზე 364 ადამიანი დააკავეს

23 სექტემბერს ანტისამთავრობო აქციებზე ბელარუსის პოლიციამ 364 ადამიანი დააკავა. 

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მომიტინგეები სწორედ იმ დღეს დააკავეს, როდესაც მინსკში თავისუფლების სასახლეში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა.

ცერემონიის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ იყო. ინაუგურაციის ცერემონიას არ გადასცემდნენ სახელმწიფო არხები. ცერემონიის ტრანსლაცია ბელარუსის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

23 სექტემბერს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას ეხმაურება. ვიდეოში ტიხანოვსკაიამ თავი ბელარუსი ხალხის ერთადერთ ლიდერად გამოაცხადა.

გასულ კვირას გაერო შეთანხმდა, რომ ბელარუსში აღწერილ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე მონიტორინგს დაიწყებდა. გაეროს გამომძიებელმა ანაის მარინმა თქვა, რომ 10 000-ზე მეტი ადამიანი ძალადობრივად დააპატიმრეს, აღირიცხა წამების 500-ზე მეტი შემთხვევა და სასტიკი ცემის ათასობით შემთხვევა. 

ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, ბელარუსის პოლიცია პროფესიონალურად და ჰუმანურად მოქმედებს და ძალის გადამეტების ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ბელარუსში მასობრივი პროტესტები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ლუკაშენკომ 80%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა.

კომენტარები