ბელარუსი

სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

სვეტლანა ტიხანოვსკაია
Reuters

21 სექტემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში და  ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდებიან. ამავდროულად ევროკავშირის საბჭო ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.

ტიხანოვსკაიას და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურნენ რუსეთისა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროები. ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებით, ევროკავშირის ეს ქმედება ბელარუსის საშინაო საქმეში პირდაპირი და უხეში ჩარევაა. 

"ასეთი ქმედებები დაუფარავი და თავხედური ჩარევაა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეში და მისი მოქალაქეების სრული უპატივცემულობაა". - თქვა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტოს პრესმდივანმა ანატოლი გლაზმა.

ბელარუსის ცესკოს მონაცემებით 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 80%-ზე მეტი დააგროვა და გაიმარჯვა ალექსანდრ ლუკაშენკომ. ბელარუსის გაერთიანებული ოპოზიცია სვეტლანა ტიხანოვსკაიას თაოსნობით არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ქვეყანაში ერთ თვეზე მეტია, საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. მოსახლეობა ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.

არჩევნების შედეგებს არ ცნობს ევროკავშირი. "ჩვენ არ ვცნობთ ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად". – განაცხადა 15 სექტემბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების 31 წევრს, მათ შორის ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს პოლონეთიც. ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. აშშ ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

კომენტარები