თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

პროკურატურა: ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს

გენერალური პროკურატურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მედიკამენტოზურმა ინტოქსიკაციამ გამოიწვია. 

პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში მედიკამენტები მოხვდა ტაბლეტების დალევის და არა ინექციის გზით. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, გენეტიკური, სეროლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები.

ამ დროისთვის ასევე ცნობილია ბიუროდან მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის სასამართლო-სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკდვილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.

ექსპერტიზის ჩატარების მომენტიდან მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პირის ღრუს მეშვეობით და არა საინექციო გზით.

პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა საინექციო გზით.

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ამოღებულ ბაკურიანის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი პრეპარატები. ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტების შემადგენლობიდან გამომდინარე მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია ანუ სითხეში შეტინარებული სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები. ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტის გახსნას ბოთლში.

დასკვნის თანახმად, გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება". – წერია პროკურატურის განცხადებაში. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთერთ სოფელში შეამჩნიეს.

4 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები გაასაჯაროვა, რის მიხედვითაც, ცხედრიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში – კუჭში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავში, თირკმელში, კუნთში – სხვადასხვა პრეპარატის შემცველი ნივთიერება აღმოჩნდა. დასკვნაში წერია ისიც, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.

გამოძიების ინფორმაციით, 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე ფარმადეპოს, იმპექსის, პსპ-ს, ჯიპისის, ავერსის აფთიაქებში, სადაც შეიძინა სხვადასხვა პრეპარატის 150 აბი. პროკურატურამ შესაბამისი კადრებიც გაასაჯაროვა. 

კომენტარები