ევროკავშირი-ლუკაშენკო

ევროპარლამენტი ნოემბრის შემდეგ ლუკაშენკოს პრეზიდენტად აღარ ცნობს

ალექსანდერ ლუკაშენკო
LiveJournal

ევროპარლამენტის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ნოემბრის შემდეგ, როდესაც ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო ვადა დასრულდება, მას ბელარუსის პრეზიდენტად აღარ ცნობენ.

"5 ნოემბერს, მოქმედი ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, პარლამენტი მას აღარ ცნობს ქვეყნის პრეზიდენტად," - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

განცხადებაში, ისინი ლუკაშენკოსთვის ეკონომიკური სანქციების დაკისრებასაც ითხოვენ.

ევროკავშირის ასამბლეაზე 574-მა დეპუტატმა 37-ის წინააღმდეგ არ ცნო ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. 

"ევროკავშირს ბელარუსთან ახალი მიდგომა სჭირდება, რაც ლუკაშენკოსთან ნებისმიერი კავშირის დასრულებას მოიცავს," - აღნიშნა ევროკავშირის ლიტველმა პარლამენტარმა. 

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების 31 წევრს, მათ შორის ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. "ჩვენ არ ვცნობთ ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად". – 15 სექტემბერს განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. ამჟამად აშშ ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

კომენტარები