ახალი კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: არასერიოზული იქნება იმის თქმა, განახლდება თუ არა სწავლა პირველ ოქტომბერს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია პალიტრანიუსის ეთერში ქვეყანაში სასწავლო პროცესის პირველ ოქტომბერს საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში აღდგენაზე საუბრობს. გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით არასერიოზულია იმის თქმა, რამდენად რეალისტური ან არარეალისტურია პირველ ოქტომბერს სწავლის განახლება. მინისტრის მოადგილის თქმით, უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება პირველ ოქტომბერს.

"ეპიდემია დინამიური პროცესია. ჩვენ გარანტირებულად გვქონდა იმის იმედი, რომ 15 სექტემბერს დავიწყებდით სწავლას საკლასო ოთახებში. დავიწყებთ სწავლას საკლასო ოთახებში რიგ რეგიონებში და უნდა დავიცადოთ სხვა რეგიონებში და დავაკვირდეთ.

დღეს ჩემგან იმის თქმა, ეს რამდენად რეალისტურია ან არ არის რეალისტური, არასერიოზული იქნება. უნდა დაველოდოთ, რადგან ახლა ვართ ძალიან აქტიურ ფაზაში ინფექციის კონტროლის. ამდენად, დავიცადოთ ახლა და უფრო უკეთესი პასუხი შეიძლება ერთ კვირის თავზე გვქონდეს, თუ რა მოხდება პირველ ოქტომბერს". – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღეს, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია, მათგან 109 აჭარასა და ბათუმს უკავშირდება, 17 - თბილისს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები