ბელარუსი

ბელარუსი ოპოზიციონერი, მაქსიმ ზნაკი, ნიღბიანმა პირებმა დაიჭირეს

მაქსიმ ზნაკი
The West Australian

9 სექტემბერს ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მაქსიმ ზნაკი, სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა ნიღბიანმა პირებმა დაიჭირეს. ამის შესახებ ინტერფაქსი მის მოკავშირეებზე დაყრდნობით წერს

ამჟამად, ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს აქტიური წევრი ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი დარჩა. ალექსიევიჩი დაკითხვაზე აგვისტოს ბოლოს დაიბარეს. დაკითხვაზე მიუსლმა შენობა 15 წუთში დატოვა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ გამოძიების კითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.

ყველა დანარჩენს მაღალჩინოსნებმა საზღვარგარეთ წასვლა აიძულეს ან დააკავეს.

ზნაკის ადვოკატის თქმით, მაქსიმ ზნაკის ბინა სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა გაჩხრიკა და ის სამართალწარმოების სუბიექტია. 

მინსკში თვითმხილველის თქმით, სახელმწიფო საგამოძიებო უწყებამ ასევე გაჩხრიკა დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვიქტორ ბაბარიკოს, სათაო ოფისი. 

აღსანიშნავია, რომ ზნაკის მსგავსად, 7 სექტემბერს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა და ნიღბიანმა პირებმა ოპოზიციონერი, მაირია კოლესნიკოვა, ძალის გამოყენებით აიყვანეს მიკროავტობუსში, რომელსაც "Связь" ეწერა. 8 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელარუსის საზღვრის კვეთისას დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან პასპორტი დახია, რათა უკრაინაში მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო. კოლესნიკოვა ამჟამად დაკავებულია.

7 სექტემბერს ასევე კავშირი შეწყდა კიდევ ორ ოპოზიცონერთან, ანტონ როდნენკოსთან და ივან კრავცოვთან. ბელარუსის სამთავრობო მედიის Belta-ს ინფორმაციით, ოპოზიციონერები კოლესნიკოვასთან ერთად ცდილობდნენ "უკანონოდ" დაეტოვებინათ ბელარუსის ტერიტორია. ანტონ როდნენკო და ივან კრავცოვი ამჟამად უკრაინაში არიან.

სექტემბრის დასაწყისში კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ ვიკტორ ბაბარიკოს შტაბი გეგმავდა ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ვიკტორ ბაბარიკო ერთერთ საპრეზიდენტო კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა ის დააპატიმრეს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ტიხანოვსკაიას შტაბთან გაერთიანებამდე მარია კოლესნიკოვა ვიქტორ ბაბარიკოს შტაბს ხელმძღვანელობდა.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.

კომენტარები