არჩევნები 2020

ვაშაძე: ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში უნდა შეწყდეს, ყველა საქმე უნდა იყოს გამოძიებული

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენურ მდგომარეობასა და ქალთა მიმართ ძალადობის გაზრდილ შემთხვევებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სტრატეგია აღმაშენებლის მთავარი მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

"დღეს ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობაა, არსებული ფონიდან გამოირჩევა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, რომლის უამრავი ფაქტი დღემდე გაუხსნელია. საკმაოდ მძიმეა სტატისტიკაც. 2019 წელს 119 გაუპატიურების შემთხვევიდან, 72 დღემდე გამოუძიებელია. ეს არის კატასტროფა. რეალურად ბევრია ისეთი შემთხვევაც, როცა ძალადობის ფაქტს მალავენ და არ არის გაცხადებული შესაბამის სტრუქტურებში. დღეს ქალებს ეშინიათ, ხმამაღლა ისაუბრონ ძალადობაზე, რომელიც ქვეყანაშია". – ამბობს გიორგი ვაშაძე.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი თქმით, იგი პირობას დებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტი გამოძიებული იქნება და ყველა მსგავს შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში უნდა შეწყდეს და დღეს არსებული თითოეული საქმე სრულად უნდა იყოს გამოძიებული [...] ესაა უმძიმესი დანაშაული". – ამბობს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები