სავალდებულო კარანტინი

"ვმუშაობთ ამ რეგულაციაზე" - გამყრელიძე დისკრიმინაციულ კარანტინზე

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ, მუშაობენ. მისივე თქმით, ეს "უხერხული საკითხია", რომელიც უნდა გადაწყდეს. 

"ვიცი, რომ ამ დიფერენცირებაში არის უხერხული მომენტი და ამაზე ვმუშაობთ. მიმდინარეობს მუშაობა ამ რეგულაციის გადახედვაზე, მაგრამ პირველ ეტაპზე ეს საჭირო იყო. თვითიზოლაციაში, სადაც მიდიოდნენ უცხოელები და ჩვენი თანამემამულეები, ყველა დარღვევა იყო ჩვენს თანამემამულეებში. უცხოელებში არცერთი დარღვევა არ ყოფილა. 

როდესაც ტურისტად შემოდის გერმანელი, ფრანგი ან ბალტიისპირელი, მას განსაზღვრული აქვს თავისი მარშრუტი, შეხვედრები არ არის დიდი. მისი მობილობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა არ არის დიდი. საბედნიეროდ, რაც მწვანე კორიდორები გაიხსნა, ამ ქვეყნებიდან არცერთი შემოტანილი ინფექციის შემთხვევა არ ყოფილა. მე, ქართველი, რომელიც ვცხოვრობ გერმანიაში, რომ ჩამოვდივარ აქ, რა თქმა უნდა, მთელ ჩემს სანათესაოსთან მივდივარ. რისკი ინფიცირებისა მეტია, თუმცა, ამის მოვლა სხვანაირადაც შეიძლება დღეს, როდესაც გაფართოებული გვაქვს ტესტირება. ამიტომ, დღეს მიმდინარეობს მსჯელობა. ეს უხერხული საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს". - თქვა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია პირველთან ინტევიუში. 

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ 8 ივლისიდან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, უპირობოდ გახსნა საზღვრები ევროკავშირის წევრ ხუთ ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

ამ ხუთი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებს საქართველოში კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ, ხოლო ამ ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კი 14-დღიანი იზოლაცია სავალდებულოა. 

კომენტარები