თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის თანახმად, ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია. 

"ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია. მითითებულია დოზები. გადამოწმება მაინც მოხდება სპეციალისტებთან. უცხოელებთან გადამოწმდება ეს." - ამბობს რამიშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები