ლელო

ლელო ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნაზე ჩუგოშვილის ინიციატივას მხარს დაუჭერს

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ლელოს კანდიდატის, დეპუტატ ლევან კობერიძის თქმით, პარტია ლელო საქართველოსთვის თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილ ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს. 

კობერიძის თქმით, ლელოსთვის აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი და საინტერესოა იმ მხრივ, რომ კორუფცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის გამოც დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. 

"ჩვენი, ლელოს ხედვა არის სწორედ ის, რომ კორუფცია არის ყველაზე მთავარი მიზეზი და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს მოსახლეობას უდგას, არის სიღარიბე. მოსახლეობის გაღარიბებას კი ის კორუფცია იწვევს, რაც ქვეყანაშია. ლელოსთვის, რომლის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია ანტიკორუფციული სისტემური რეფორმა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო  თამარ ჩუგოშვილის ინიციატივა, რომელსაც   ჩვენ მხარს ვუჭერთ. ვიქნებით გარანტი, რომ 2020 წლის პარლამენტში ეს საკითხი აუცილებლად იქნება აქტუალური დღის წესრიგში". – აცხადებს კობერიძე.

ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, საქართველოში "დაშვებული კორუფციაა", რომელსაც სახელმწიფო მაღალჩინოსნები უდგანან სათავეში. 

"ქვეყანაში არის ფაქტობრივად დაშვებული კორუფცია. როდესაც სახელმწიფო მაღალჩინოსნები, პარტიული ელიტის მხარდამჭერები უფლებას აძლევენ თავს, რომ სხვადასხვა ჯგუფებს, ქვეყნის სხვადასხვა ჩრდილოვან მმართველებს მისცენ საშუალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრდნენ და ხალხის ფული ჩაიდონ ჯიბეში". – ამბობს კობერიძე. 

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, თამარ ჩუგოშვილმა, ირინე ფრუიძემ, ნინო გოგუაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი ინსტიტუტის - ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნას გულისხმობს. 

ჩუგოშვილის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი 30 კანონპროექტისგან შედგება და გულისხმობს კორუფციასთან ბრძოლას სამი ძირითადი მიმართულებით: 1. კორუფციული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება; 2. პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების კანონიერების ეფექტური კონტროლი; 3. თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის ეფექტური კონტროლი.

მისივე თქმით, ინიციატივის თანახმად, კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტები უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, მაღალი ლეგიტიმაციის, მაღალი საზოგადოებრივი ნდობის და სამივე თემას - პოლიტიკურ დაფინანსებას, კორუფციული დანაშაულების გამოძიებას და თანამდებობის პირების შემოსავლებისა და დეკლარაციის კონტროლს უნდა ახდენდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები