აქციები ბელარუსში

დღის ფოტო: ლუკაშენკო რეზიდენციის წინ კვლავ ავტომატით გამოჩნდა

ria

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო პრეზიდენტის რეზიდენციის წინ კვლავ ავტომატით გამოჩნდა. ფოტოს "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, ფოტო მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მიაწოდა, კითხვის პასუხად, თუ სად იყო ლუკაშენკო და ადევნებდა თუ არა ის თვალს მინსკში მიმდინარე მოვლენებს.  

მოგვიანებით გაკეთებული განმარტების მიხედვით, ფოტო, დაახლოებით, 16:00 საათზეა გადაღებული, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები იყვნენ.

მანამდე, 23 აგვისტოს, გავრცელდა ფოტო, სადაც ალექსანდრ ლუკაშენკოსა და მის 15 წლის ვაჟს მაგიდაზე ავტომატები უდევთ. ასევე, ამავე დღეს, პრეზიდენტის ადმინიტრაციამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პრეზიდენტი ავტომატით ხელში ვერტმფრენით ეშვება. 

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ. 

ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. 29 აგვისტოს დედაქალაქ მინსკში მსვლელობა გამართა ათასობით ქალმა. მსვლელობას "სოლიდარობის მარში" ერქვა და მისი მონაწილეები ლუკაშენკოს და მის მთავრობას გადადგომისაკენ მოუწოდებდნენ. პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი.

კომენტარები