ბელარუსი-რუსეთი

პუტინი: ბელარუსში დაკავებული რუსები იქ უკრაინისა და აშშ-ს დაზვერვამ შეიტყუა

ვლადიმირ პუტინი
Washington Post

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ გასულ თვეს ბელარუსში, მინსკის მახლობლად დაკავებული რუსეთის მოქალაქეები იქ უკრაინისა და აშშ-ს დაზვერვის აგენტების მიერ მომზადებული სპეციალური ოპერაციის ფარგლებში შეიტყუეს.

"ახლა ეს ცხადია: ეს სადაზვერვო ოპერაცია იყო. ისინი ბელარუსის ტერიტორიაზე შეათრიეს და წარმოაჩინეს, როგორც პოტენციური თავდამსხმელები იმისათვის, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დროს სიტუაციის დესტაბილიზაცია მომხდარიყო. ეს სრული სიცრუე იყო. ეს ხალხი სულ სხვა ქვეყანაში სხვა საქმეზე მიდიოდა. ისინი უბრალოდ შეიტყუეს და საზღვრის მეორე მხარეს დატოვეს. სხვათა შორის, ისინი ჩვენს სასაზღვრო დაცვას არ გაუტარებია. ისინი მხოლოდ ყალბი დოკუმენტებით თუ მოახერხებდნენ გასვლას. ეს უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაცია იყო, რომელიც ამერიკელ აგენტებთან ერთად დაგეგმეს. ახლა ეს კარგად ვიცით. ზოგიერთი მონაწილე არც კი მალავს ამას". – თქვა პუტინმა Rossiya 24-ის ეთერში.

მსგავსი ინფორმაცია პირველად 6 აგვისტოს რუსულმა ტაბლოიდმა Komsomolskaya Pravda-მ გაავრცელა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია, ვაგნერის მებრძოლები ბელარუსში აღმოჩენაზე პასუხისმგებლობა უკრაინის დაზვერვას ეკისრება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში ამ ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებენ.

კრემლთან კავშირების მქონე კერძო რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლები ბელარუსში, მისკთან ახლოს 29 ივლისს დააკავეს. ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერდა, რომ ქვეყანაში 200-მდე ბოევიკი საპრეზიდენტო არჩევნების წინ გარემოს დესტაბილიზაციისათვის შეაგზავნეს.

ბელარუსის ოფიციალური პირების თქმით, დაკავებულთაგან 14 ნამყოფი იყო დონბასის რეგიონში, სადაც დაქირავებული რუსი სამხედროები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ერთად იბრძვიან. რუსეთის მთავრობა ვაგნერთან კავშირს უარყოფს, თუმცა ვაგნერი პუტინის მზარეულად ცნობილ, ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება. ვაგნერის მებრძოლები ამ დროისთვის რამდენიმე კონფლიქტურ ზონაში იმყოფებიან, მათ შორის სირიაში, ლიბიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჯგუფის ლიდერია დმიტრი უტკინი, რომელიც რუსეთის სპეცრაზმში და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში (GRU) მსახურობდა. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მათთან კავშირს უარყოფს, ჯგუფის წევრები წვრთნებს მოლკინოს საწვრთნელ ბაზაზე ატარებენ. აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) სპეცრაზმის მეათე ბრიგადის მთავარი ბაზაც.

24 ივლისს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ვიზიტისას ლუკაშენკომ თქვა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებს, შესაძლოა, ვაგნერის მებრძოლები შეუერთდნენ. "თუ ადგილობრივები არ იქნებიან საკმარისი რაოდენობით, მაშინ ვაგნერის მებრძოლებს მოუხმობენ. ისინი არიან პროფესიონალი მებრძოლები, ბანდიტები, რომლებსაც სპეციალურად ამზადებენ ძირითადად ვაგნერის სტრუქტურაში. ისინი მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და პროვოკაციების მოწყობით დიდ ფულს შოულობენ". – განაცხადა ლუკაშენკომ.

მანამდე ლუკაშენკო რამდენჯერმე გამოეხმაურა რუსეთის შესაძლო ჩარევას ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში და განაცხადა, რომ გარკვეულ უცხო ძალებს ქვეყანაში "მაიდანის" მოწყობა უნდათ.

რუსეთის მოქალაქეების დაკავების შემდეგ ლუკაშენკომ კრემლს ახსნა-განმარტება მოსთხოვა.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

მას შემდეგ პუტინი ლუკაშენკოს დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება. კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მზად არიან, დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

დღეს, 27 აგვისტოს კი რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალექსანდერ ლუკაშენკომ მას სთხოვა, შეექმნა სარეზერვო პოლიციის ძალა, თუმცა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებდა მანამ, სანამ კრიზისი კონტროლს გასცდებოდა.

კომენტარები