თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ადვოკატი: სამხედრო ბაზიდან, საითაც სუს-ის ჯიპებმა გადაუხვიეს, არის საიდუმლო გზა მაწევანამდე

ტაბულა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მანქანის გადაადგილების ამსახველი მხოლოდ მცირე მონაკვეთი გამოაქვეყნა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი კამერების ერთი კვირის ჩანაწერის ნახვას ითხოვდნენ.

მიხეილ რამიშვილისთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა პროკურატურამ აქცენტი ახლა და მხოლოდ ამ სამ ჯიპზე.

ადვოკატი ასევე მიუთითებს, რომ პროკურატურის განცხადება, თითქოს სუს-ის ეს სამი მანქანა ბაჩალიაშვილის მანქანას მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე მიჰყვებოდა, არაფერს ამტკიცებს, ვინაიდან სამხედრო ბაზიდან, საითაც ამ მანქანებმა გადაუხვიეს, საიდუმლო გასასვლელია, "გზა, რომელიც ტაბახმელის გავლით პირდაპირ მაწევანამდე მიდის".

23 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა და ცხედარი სწორედ სოფელ მაწევანში იპოვეს.

"ოჯახის და ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, რომელ საათზე, რა დროს გამოდიან აღნიშნული ჯიპები სამხედრო ბაზიდან. თუ არ გამოდიან, რამდენი ხანი რჩებიან იქ. ასევე, რომელი და რა გრაფიკით გადაადგილდება აღნიშნული სამი ჯიპი შავნაბადას ტერიტორიამდე. ასევე, ვითხოვთ სატელიტურ ფოტოსურათებს. ასევე, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას". – თქვა რამიშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ დღეს, 27 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება და ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 3 მანქანა რუსთავის გზატკეცილზე, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა. უწყების მტკიცებით, ეს 3 მანქანა იმ დროს, როცა თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროსკენ მიდიოდა, გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

"თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე". - წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები