თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

POG: სუს-ის 3 მანქანა ბაჩალიაშვილის მანქანის უკან გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა და გადაუხვია

მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 3 მანქანა რუსთავის გზატკეცილზე, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა.

პროკურატურა ვიდეოსაც აქვეყნებს

უწყება ბაჩალიაშვილის ოჯახის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ გზის მონაკვეთზე სუს-ის სამი მანქანა პროგრამისტის მანქანას უკან მიჰყვებოდა.

პროკურატურის ცნობით, "ოჯახი და ოჯახის ადვოკატი გაეცნენ 18 ივლისს, დაახლოებით 10:09-დან თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელი სახლიდან მისი კუთვნილი ავტომობილით, რუსთავი-თბილისის გზატკეცილით, შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილით, მარნეულის მიმართულებით, თელეთის და კოდას გავლით, მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზატკეცილით, მარნეულის რაიონის სოფელ ხაიშამდე გადაადგილების ვიდეოსათვალთვალო კამერებით გადაღებულ მასალას. აღნიშნული ვიდეომასალა დაფიქსირებულია შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის სათვალთვალო კამერების მიერ, ასევე, სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული ვიდეოსათვალთვალო კამერებით.

გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან.

ეს ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე". - წერია უწყების განცხადებაში.

პროკურატურა საქმის გამოძიებას აგრძელებს და როგორც ამბობენ, ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობენ.

უწყება აცხადებს, რომ დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები.

"პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების ფეისბუქის და გუგლის ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის ფეისბუქის, ინსტაგრამი, ვოთსაფის და გუგლის მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე გუგლით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. პროკურატურამ კომპანია ფეისბუქის სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა ფეისბუქ და ინსტაგრამ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით". - აცხადებს პროკურატურა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები