ავარია შატილში

პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე შატილში დაღუპულების ოჯახს უსამძიმრებენ

პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე შატილის გზაზე მომხდარ ავარიას ეხმაურებიან, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვავ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს". - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე. 

როგორც პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია წერს, შატილში ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. 

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს". - წერს გახარია. 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.

ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას მაშველები და ექიმები შეძლებენ". - წერს თალაკვაძე. 

დღეს, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 17 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე უკვე ამოიყვანეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შსს-ის ცნობით, გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთან, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე,

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

კომენტარები