საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის კვალდაკვალ ახალი პროექტების დაფინასებას აგრძელებს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და აწარმოე საქართველოში ხელშეწყობით შპს კაიამ ახალი დანადგარები შეიძინა და ახალი საწარმოო ხაზის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ბანკი აღნიშნავს, რომ ამით კომპანიამ საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მძიმე მრეწველობის განვითარებაში. კაია 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აწარმოებს ლითონის სახარჯ მასალებსა და ნაწილებს. მისი ლითონის მასალები ფართოდ გამოიყენება როგორც სამრეწველო, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებით. კომპანია მრავალპროფილურია. ის გარდა წარმოებისა, ამონტაჟებს საინჟინრო და სავენტილაციო გაყვანილობებს.
"კომპანია გარდა საკუთარი საჭიროებისა, პროდუქციას სარეალიზაციოდაც აწარმოებს და ღირსეულ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ ნაწარმს. კაიას ბრენდის პროდუქცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ბიზნესის განვითარების ეტაპზე, უკვე არსებული დაფინანსების გარდა, კომპანიას გაუჩნდა საჭიროება, საწარმოო ხაზის გაფართოებისთვის ახალი დანადგარები შეეძინა. ბანკმა ამ შემთხვევაშიც გამოიჩინა მზაობა, გვერდში დადგომოდა ბიზნესს. კომპანიამ პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად გადაწყვიტა ხელი შეეწყო შიდა წარმოების ზრდისთვის, რაც ბანკისა და შპს კაიას პარტნიორობის შედეგად გახდა შესაძლებელი. საწარმოში ამჟამად ჯამში 60 ადამიანია დასაქმებული. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 1 345 000 ლარია" - აცხადებს საქართველოს ბანკი.
"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ეროვნულ საქმეში, რასაც ქართული მძიმე მრეწველობის წახალისება და ხელშეწყობა ჰქვია. სასიამოვნოა, რომ ეს ჩვენი და შპს კაიას უკვე მეორე წარმატებული ერთობლივი პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. მიგვაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან წინსვლაზე და არ ჩერდებიან, ნადვილად შეძლებენ წარმატების მიღწევას. ბანკში გვჯერა, რომ თუკი ხელს შევუწყობთ ასეთ ბიზნესებს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებეული ეკონომიკის მშენებლობას“,- თქვა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.





