თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება პროკურატურაში გაგრძელდება

საქართველოს პროკურატურის განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე შსს-ს მიერ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,  მათ გაითვალისწინეს  ოჯახის თხოვნა, რომ  საქმის გამოძიება პროკურატურაში გაგრძელდეს. უწყების ცნობით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, "რომელიც ოჯახს ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას". ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ, ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ოჯახის ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

მათი ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების  Facebook-ის და Google-ის ადმინისტრაციებს მიმართა ბაჩალიაშვილის Facebook-ის, Instagram-ის, Whatsapp-ისა და Google-ის მომსახურებების მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

"პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.

საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

_______________________________________________________________________________________

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები