ბელარუსი

საპროტესტო აქცია მინსკში - ლუკაშენკოს წინააღმდეგ 200 000-მდე ადამიანი გამოვიდა [ფოტო-ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. 

მედიის ინფორმაციით, ანტისამთავრობო მშვიდობიან დემონსტრაციაში 200 000-მდე ადამიანი მონაწილეობს

"მშვიდობის მარში" - ასე ჰქვია საპროტესტო აქციას, სადაც მომიტინგეები ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. 

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ქვეყნის სხვადსხვა ქალაქშიც აპროტესტებენ. 

 

საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი.

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს ბელარუსი დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

 

ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო. ბელარუსში გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან.

ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახლა მუშაობას იწყებს არჩევნების გაყალბებასა და ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ბელარუს ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება. პომპეო წერს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ის გმობს მომიტინგეების მიმართ გამოყენებულ ძალადობასა და ოპოზიიცის მომხრეთა დაკავებებს და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, რომ პატივი სცეს თავიანთი მოქალაქეების უფლებებს.

კომენტარები