ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას აფრთხილებს და დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

Getty Images

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის სახელით განცხადება ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ, მიუხედავად ბელარუსი ხალხის დემოკრატიული ცვლილებების სურვილისა, საპრეზიდენტო არჩევნები არც სამართლიანი და არც თავისუფალი იყო. 

ბორელი აღნიშნავს, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა, ბევრი დაშავდა, ათასობით ადამიანი კი დააკავეს. გახშირდა შეკრებისა და გამოხატვის, მედიის თავისუფლების შეზღუდვაც. ადგილობრივი დამკვირვებლების სანდო ცნობები კი აჩვენებს, რომ საარჩევნო პროცესი არ აკმაყოფილებს ეუთოს წევრი სახელმწიფოსგან მოსალოდნელ საერთაშორისო სტანდარტებს.

ევროკავშირი მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს ყველა დაკავებული.

"2015 წელს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შემდეგ, ევროკავშირსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. თუმცა, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის საკითხებში პროგრესის გარეშე ევროკავშირისა და ბელარუსის ურთიერთობები მხოლოდ გაუარესდება". – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებს ყურადღებით დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში, ძალადობაზე, დაუსაბუთებელ დაკავებებსა და არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ზომების მიღებასაც გეგმავს.

"ბელარუსი ხალხი უკეთესს იმსახურებს." – წერია განცხადებაში.

საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოყვა. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი. 

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს.

კომენტარები