ელენ დეჯენერისის შოუ

Ellen-ის შოუს ყოფილი თანამშრომლები პროდიუსერებს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

BuzzFeed ელენის შოუს ყოფილ თანამშრომლებს ესაუბრა, "ათეულობით კაცსა და ქალს, რომლებიც კადრს მიღმა მუშაობდნენ", ისინი მთავარ აღმასრულებელ პროდიუსერებს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

BuzzFeed-ის ჟურნალისტი კრისტი იანდოლმა, რომელმაც ამ თემაზე სტატიები დაწერა, თქვა, რომ ის ელენის შოუს თითქმის 50 ყოფილ თანამშრომელს ესაუბრა.

"ყოველი მათგანი ამბობს, რომ კადრს მიღმა ყველაფერი იმის საპირისპიროდ ხდებოდა, რისგანაც შოუ ხეირობდა. ელენ დეჯენერენმა მთლიანი ბრენდი შექმნა," - ჟურნალისტი ამბობს, რომ ყოფილ თანამშრომლებს სურთ ელენის სამუშაო გარემოსა და, ზოგადად, ტელევიზიის სამუშაო გარემოში ცვლილებების ხილვა.

BuzzFeed-ის კიდევ ერთ სტატიაში, შოუს აღმასრულებელი პროდიუსერის ედ გალვინის, აღმასრულებელი პროდიუსერის კევინ ლემანის და თანააღმასრულებელი პროდიუსერის ჯონათან ნორმანის წინააღმდეგ კონკრეტული ბრალდებები წამოაყენეს სექსუალური შევიწროების შესახებ.

ხუთი ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ გალვინი მათ ისე ეხებოდა, რომ თავს უხერხულად აგრძნობინებდა. სხვა ყოფილმა თანამშრომლებმა თქვეს, რომ მას ქალებისთვის ხელების მოფათურის რეპუტაცია ჰქონდა.

ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მას მაგიდასთან ჰქონდა ღილაკი, რომლითაც თავისი ოფისის კარის ჩაკეტვა შეეძლო და ამას საყვედურის თქმის დროს "დაშინების ტაქტიკად იყენებდა".

კიდევ ერთმა ყოფილმა კაცმა თანამშრომელმა თქვა, რომ ნორმანს ის კონცერტებზე დაჰყავდა და სამსახურთან დაკავშირებული სხვა პლუსებით "ამზადებდა". შემდეგ ნორმანს მასთან ორალური სექსის მცდელობა ჰქონდა.

ლერმანი და ნორმანი ბრალდებებს უარყოფენ. გალვინი ჟურნალისტებს არ ეხმიანება.

---

შეგახსენებთ, რომ მანამდე ელენ დეჯენერესი მისი პროდიუსერების გუნდის ათმა ყოფილმა და ერთმა მოქმედმა თანამშრომელმა დაადანაშაულეს"სამსახურში ტოქსიკური გარემოს შექმნაში". მათ ანონიმურად დარჩენა ისურვეს.

"იყავი კეთილი“ და მსგავსი სისულელეები მხოლოდ მაშინ არის აქტუალური, როდესაც კამერა ჩართულია. ვიცი, რომ ისინი ფინანსურად ეხმარებიან ადამიანებს, მაგრამ ყველაფერი ეს შოუსთვის ხდება." - უთხრა ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა Buzzfeed News-ს ელენ დეჯენერესის შოუზე საუბრისას.

ისინი ყვებიან, რომ მათგან უმეტესობა სამსახურიდან იმისთვის გააგდეს, რომ ექიმთან მისვლის ან ახლობლების პანაშვიდზე დასწრების მიზნით უქმე დღე ითხოვეს. მათივე თქმით, ისინი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ელენ დეჯენერესს რომ დაინახავდნენ, მას არ გამოლაპარაკებოდნენ.

შოუში რასიზმის პრობლემაზე Buzzfeed News-ს შავკანიანი ქალი ესაუბრა . მისი თქმით, ის წელიწად-ნახევარს ელენ დეჯენერესთან მუშაობდა. ქალი ამბობს, რომ საშუალო რგოლის პროდიუსერი მას მუდმივად დასცინოდა კანის ფერის გამო, ერთხელ კი სცენარისტმა უთხრა, რომ მხოლოდ თეთრკანიანების სახელებს იმახსოვრებს, რასაც ოფისში სიცილი მოჰყვა.

"როდესაც ჩემი პრობლემების შესახებ ჩემს თეთრკანიან უფროსს ვუამბე, მან თავისი შავკანიანი მეგობრის შესახებ სიტუაციისთვის შეუსაბამო ისტორიის მოყოლა დამიწყო. თავისი მეგობარი იმისთვის ახსენა, რომ ჩემთვის ეთქვა, შენი მესმისო". - ამბობს ქალი.

Buzzfeed News-თან საუბრისას ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ამბობენ, რომ პრობლემებზე საჯაროდ საუბრისას თავიანთმა თანამშრომლებმა მათ მხარი არ დაუჭირეს და განზე გადგნენ.

ბრალდებების საპასუხოდ, 27 ივლისს ელენ დეჯენერესის შოუს მშობელმა კომპანიამ - WarnerMedia-მ შოუში გამოძიება დაიწყო. სწორედ, ამის შემდეგ გამოაქვეყნა წერილი ტელეწამყვანმა.

ელენ დეჯენერესმა მის მიმართ გამოთქმული ბარლდებებისა და შოუში დაწყებული გამოძიების საპასუხოდ წერილი გამოაქვეყნა.

ცნობილი ტელეწამყვანი წერილში ბოდიშს უხდის იმათ, ვინც ელენ დეჯენერესის შოუში მუშაობის დროს თავი კარგად ვერ იგრძნო და იგი პირობას დებს, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება.

წაიკითხეთ დეჯენერესის წერილი სრულად.

კომენტარები