გიორგი რურუას პატიმრობა

მათიკაშვილი რურუას განაჩენზე: ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება

ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ მთავარი არხის თანამფლობელის, გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებაა.

"საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელმაც ცალსახად დამნაშავედ ცნო გიორგი რურუა მისადმი წაყენებულ ბრალდებაში. ამ განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომლებიც ცდილობდნენ, უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ ნაციონალურ მოძრაობად წოდებული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი კრიმინალი ლიდერი. 

ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება, რადგანაც ხელისუფლება და ხელისუფლების სხვა შტოები არ ერევიან სასამართლოს საქმეებში", - ამბობს მათიკაშვილი.  

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილი იყო. მაგრამ, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი არც ერთხელ არ შეუცვალა. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები