უკრაინა

უკრაინა სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

TASS

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება, რომელიც ძალაში 26 ივლისს შევიდა, რამდენიმე საათში დაარღვიეს. სეპარატისტები ბრალდებას უარყოფენ. უკრაინის არმიის განცხადების მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება გასულ კვირას უკრაინას, რუსეთისა და ეუთოს საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფს შორის გამართული მოლაპარაკებებისას მიიღეს.

მოგვიანებით სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარე მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას.

კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პუტინმა უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ადგილობრივი არჩევნების დღედ 25 ოქტომბერი განისაზღვრა, თუმცა ეს არ ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, სადაც კანონი დამატებით პირობებს აყენებს არჩევნების ჩასატარებლად, მათ შორის უკანონო შეიარაღებული ძალების გასვლას.

პუტინს ეს კანონი მინსკის შეთანხმების საწინააღმდეგოდ მიაჩნია, თუმცა უკრაინაში განმარტავენ, რომ მინსკის შეთანხმებით, არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურმა კიევმა ამ ტერიტორიაზე საკუთარი კანონიერი მმართველობა უნდა გაავრცელოს.

---

კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში, უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, რუსებმა 240 ბავშვი მოკლეს, ხოლო 56 ამ დრომდე დაკარგულად ცხადდება. კონფლიქტში დაახლოებით 30 000 ადამიანი დაშავდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად საცხოვრებლის მიტოვება 1.5 მილიონამდე ადამიანს მოუხდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება ოკუპირებული დონბასის სეპარატისტებს. 24 აპრილს პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასში მცხოვრებთათვის, რუსეთის მოქალაქეობის აღება გაამარტივა.

2019 წლის სექტემბერში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრისას, უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის ლიდერებმა, “შტაინმაიერის ფორმულა” განიხილეს, რაც დონბასის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. სამიტზე უკრაინა და რუსეთი პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

"შტაინმაიერის ფორმულის" მიხედვით, არჩევნების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს თვითმმართველობის სპეციალური სტატუსი ექნება. არჩევნები, უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, უკრაინის საარჩევნო კომისიამ უნდა ჩაატაროს და მას ეუთო დააკვირდება. იმ შემთხვევაში თუ ეუთო დაასკვნის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, რეგიონს თვითმმართველი სტატუსი მიენიჭება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არჩევნების ჩატარების მთავარი პირობაა ტერიტორიიდან რუსული ძალების და რუსების მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების გასვლა. ზელენსკის გადაწყვეტილებას უკრაინაში პროტესტი მოყვა – მოსახლეობის ნაწილი მის ნაბიჯს კაპიტულაციად აფასებს.

კომენტარები