გიორგი შაქარაშვულის საქმე

ლომჯარია ზურაბიშვილზე: არ უნდა მოვახდინოთ არც - ერთი ერთზე, არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს ეხმაურება. ზურაბიშვილმა შაქარაშვილის საქმეზე თქვა, რომ ჯგუფური ძალადობა არაქართულია და "ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე". 

"ერთი ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს – არ უნდა მოვახდინოთ არც – ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხებთან დაკავშირებით". – თქვა ომბუდსმენმა. 

ზურაბიშვილის თქმით, შაქარაშვილის საქმეში "ყველა რომ არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და, ალბათ, უფრო ჩქარა წავიდოდა წინ ეს საქმე." 

"ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული და, მე მგონი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ ღირებულებებს. კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე  – ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება". – ამბობს ზურაბიშვილი.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე, მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ. 

ექსპერტიზის მიზედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები